სერგეი ლავროვმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვა შესთავაზა

polygraph.info

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

ამ დროისთვის ორივე ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსთვის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად აუცილებელია, სომხეთმა დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყარაბაღის რეგიონიდან. სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით კი, მაშინ, როდესაც ასეთი მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს, მოლაპარაკებები შეუფერებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთი "სომხური ოკუპაციის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მაკრონმა თურქეთის მხრიდან "საომარი გზავნილები" გააკრიტიკა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულები არიან უცხოელი მებრძოლები სირიიდან და ლიბიიდან, რაც შემაშფოთებელია.

"უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები, მათ შორის სირიიდან და ლიბიიდან, ჩაჰყავთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რათა პირდაპირ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ პროცესით, რაც არა მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, არამედ შექმნის გრძელვადიან საფრთხეს რეგიონის ყველა ქვეყნისათვის". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში თურქეთი ნახსენები არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ დაინტერესებულმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ შესაბამისი ზომები მიღება, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტში "უცხოელი ტერორისტების და დაქირავებული მებრძოლების" ჩართვა. კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მებრძოლების გაგზავნაში სომხეთი აზერბაიჯანს და თურქეთს ადანაშაულებს. თურქეთი და აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფენ და სომხეთს კონფლიქტში ქურთი მებრძოლების ჩართვაში ადანაშაულებენ. გამოცემა The Guardian-ის მიხედვით, ყარაბაღის რეგიონში, სულ მცირე, 3 სირიელი მებრძოლი მოკლეს. გამოცემა წერს, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში მათ რამდენიმე პირმა დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანში ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურის და სადამკვირვებლო პოსტების დასაცავად 3 ან 6 თვით ჩასვლისათვის 7-დან 10 ათას ლირამდე შესთავაზეს.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არ საუბრობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

რას ნიშნავს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოსთვის - ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

ირინა არაბიძე: აზერბაიჯან-სომხეთის ომში საქართველოს ნეიტრალიტეტის კანონი სჭირდება

კომენტარები