კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 40

AFP - Getty Images

1-ელ ოქტომბერს საქართველოში Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა – 40-ია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება​ აღენიშნებოდა.

"თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა". – აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები