ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინი: დონალდ ტრამპმა დემოკრატიას მიაფსა

ცნობილი მწერალი, სამეფო კარის თამაშების ავტორი ჯორჯ მარტინი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ დებატებს საკუთარ ბლოგზე ჩანაწერით გამოეხმაურა.

სიმახინჯე, სიმანიხჯე, სიმახინჯე 

"აბსოლუტურად ყველა საპრეზიდენტო დებატები ნანახი მაქვს.

პოლიტიკით სკოლაში დავინტერესდი. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გარკვევით მახსოვს, 1960 წელს გაიმართა. კანდიდატები იყვნენ ჯონ ფიცჯერალდ კენედი და რიჩარდ ნიქსონი. ამ ისტორიულ მოვლენას 12 წლის ასაკში ვადევნებდი თვალს.

თქვენი უმეტესობა ჩემზე ახალგაზრდაა, კენედი თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოკლეს. მის გამარჯვებაში დებატებმა უდიდესი როლი შეასრულა. საბედნიეროდ, Youtube არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ, რას ნიშნავდა დებატები მაშინ.

მილენიალებისთვის, X და Z თაობებისთვის იმდროინდელი პრობლემები შესაძლოა ცოტა გაუგებარი იყოს. მესმის, ბევრი რამ შეიცვალა (რაღაცები ისევ ისე დარჩა), მაგრამ დააკვირდით დებატების წარმართვის ტონსა და სტილს. ასე უნდა გამოიყურებოდეს საპრეზიდენტო დებატები. ორი კანდიდატი ერთმანეთს უცვლის მოსაზრებებს და ფაქტებს, შეხედულებებს. ისინი ცდილობენ, პასუხი გასცენ დღის წესრიგში მდგარ პრობლემურ საკითხებს და, რაც მთავარია, მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გააჩნიათ. შესაძლოა, დებატები ამქვეყნად ყველაზე დიდი სანახაობა არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად გვიჩვენებდა ორივე კანდიდატს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე იდგნენ, ისინი მთელ რიგ საკითხებზე თანხმდებოდნენ.

ყველა შემდგომი დებატები ნანახი მაქვს. ნიქსონს და კენედის კიდევ სამი შეხვედრა ჰქონდათ, რომლებიც ვნახე. ვნახე, როგორ კამათობდნენ ფორდი და კარტერი. 1992 წელს ვიხილე სამრაუნდიანი ბრძოლა ბილ კლინტონსა და უფროს ბუშს შორის. ვნახე რონალდ რეიგანისა და ჯიმი კარტერის დებატები, ობამა მაკკეინის წინააღმდეგ, ობამა რომნის წინააღმდეგ. მე ვნახე როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები.

მაგრამ წუხანდელის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს.

საშინელი, აგრესიული და გულისამრევი სანახაობა იყო. დონალდ ტრამპი არც ოთხი წლის წინ იყო მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ჰილარი კლინტონთან ჰქონდა დებატები, მაგრამ ამჯერად პრეზიდენტმა ანტირეკორდი დაამყარა, მოახერხა რომ კიდევ უფრო უხეში, გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი ყოფილიყო. ის ბოდავდა, ღრიალებდა და ჯო ბაიდენს ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. არ ითვალისწინებდა მოწინააღმდეგეს, არ ითვალისწინებდა მოდერატორს, უგულებელყოფდა კითხვებს, უგულებელყოფდა წესებს (წესებს, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ შეათანხმა), ამბობდა შოკისმომგვრელ ტყუილს. ამერიკას ხმა ჯერ არ მიუცია, ტრამპი კი უკვე ამომრჩევლის დისკრედიტაციას ახდენს.

ამგვარი საქციელი პრეზიდენტს არ შეეფერება. ეს არ იყო პრეზიდენტობის კანდიდატის საქციელი. ეს იყოს სკოლის ხულიგნის, აუტანელი ბავშვის, მესამე სამყაროს ქვეყნის დიქტატორის საქციელი.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი 1960 წლის დებატებს. წარმოგიდგენიათ მსგავსი ქცევა კენედის ან ნიქსონისგან? ნიქსონის თაყვანისმცემელი არ ვარ, ბევრი შავბნელი საქმის შემოქმედი იყო (უოტერგეიტი და ამბები). პირად საუბარში ბევრი ნეგატიური რამ უთქვამს, ისევე, როგორც ლინდონ ჯონსონს, სხვა პრეზიდენტებსაც, სხვა კანდიდატებსაც, ხაზს ვუსვამ პირად საუბარში. საზოგადოებაში არც ერთი მათგანი არ მოიქცეოდა ტრამპივით.

და არ აქვს მნიშვნელობა, რესპუბლიკელი ხარ, დემოკრატი, ლიბერალი თუ კონსერვატორი. ნიქსონი არ მოიქცეოდა ტრამპივით, რეიგანი არ მოიქცეოდა ტრამპივით, არც ეიზენჰაუერი, არც ჯონ მაკკეინი, არც ბარი გოლდუოტერი.

დონალდ ტრამპმა შეარცხვინა პრეზიდენტის სახელი. მან მიაფსა დემოკრატიას.

პანდემია, გლობალური დათბობა, არჩევნები და სხვა მიმდინარე საკითხები იქით იყოს. გუშინდელმა "დებატებმა“ დანამდვილებით გვიჩვენა ერთი რამ - ჯო ბაიდენი წესიერი ადამიანია, დონალდ ტრამპი კი - არა".

კომენტარები