არჩევნები 2020

ბოკერია: მთავარი არხი არ უშვებს რეკლამას, სადაც სააკაშვილია – უცხო ქვეყნის მოქალაქეაო

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოს რეკლამის გაშვებაზე, რომელშიც პარტიის "წითელი ხაზებია" მოცემული ქართულ ოცნებასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მთავარმა არხმა უარი განაცხადა. ბოკერიას თქმით, ტელეკომპანია ამას იურიდიული შეფასებით ხსნის, რომ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას არ აქვს უფლება წინასაარჩევნო აგიტაციაში მიიღოს მონაწილეობა.

"ჩვენ, ევროპული საქართველო, რეკლამის გაშვებას ვაპირებთ, მკაფიო წითელი ხაზები რა გვაქვს – რის გაკეთებას ვაპირებთ და რას არ ვაპირებთ ბიძინასთან და მიშასთან დაკავშირებით. 

[...] ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები – არანაირი კოალიცია არცერთი ფორმით ოცნებასთან და მიშა სააკაშვილის პრემიერობის არდაშვება.

გვინდა, რომ ეს ჩვენს რეკლამაშიც გავიდეს და ვიცი, რომ პრობლემები წარმოგვეშვა. მაგალითად, იურიდიული შეფასება მისცეს მთავარ არხზე, ვერ გავუშვებთ ამ რეკლამას, სააკაშვილი არის იქ ნაჩვენები, უცხო ქვეყნის მოქალაქეო. ეს იურიდიული აბსურდია. იმიტომ, რომ სააკაშვილი მონაწილეობს კამპანიაში ონლაინ და, ვთვლი, რომ მას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. დევნილი არც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენ რეკლამაში მასზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, ეს ჩვენი პოლიტიკური სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა". – ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპულმა საქართველომ აიღო ვალდებულება, არ შევიდეს კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტზე. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა ილაპარაკეს და ხელშეკრულებაც დადეს.

მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატია.

კომენტარები