არჩევნები 2020

კობახიძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიაზე: მობეზრებული ადამიანების დეგრადირებული სია

პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიაზე საუბრისას ამბობს, რომ ის "აბსოლუტურად დეგრადირებული," "გაუმართავი და განუახლებელი" სიაა. 

"ჩვენი სია, რეალურად, არის განახლებული სია და, თუ დააკვირდებით, ეს არის ერთადერთი განახლებული სია, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. 

ამის პირისპირ, ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს ქართულ საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტურად გაუმართავი და განუახლებელი სია. არავითარი განახლების რესურსი ნაცმოძრაობას არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა ზუსტად იცის, რა არის ნაცმოძრაობა, რა არის ევროპული საქართველო, რა არის გირჩი, რა არის ლეიბორისტული პარტია და ა.შ." - ამბობს კობახიძე. 

ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ სრული საარჩევნო სია დღეს, 1-ელ ოქტომბერს წარადგინა.  

სიის პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა. 

ასევე, სიის ოცდაათეულში არიან ნიკოლოზ მაჭუტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე და გუბაზ სანიკიძე. საარჩევნო სიაში კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ოცეულში არიან, დილარ ხაბულიანი კი 23-ე ნომრად. სიის ოცეულში მოხვდნენ თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძეც. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე ენმ-ის სიაში 41-ე ნომერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას სრული საარჩევნო სია - ნახეთ აქ.

კომენტარები