ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ მთავარმა არხმა პარტიას დაუხარვეზა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც პარტიის "წითელი ხაზებია" მოცემული ქართულ ოცნებასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ევროპული საქართველოს კომუნიკაციების დირექტორის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, იგივე რგოლი სარეკლამო ბადეში სხვა ტელეკომპანიებმა, მაგალითად რუსთავი 2-მა და TV პირველმა, ჩვეულებრივ განათავსეს.
ტაბულა მთავარი არხის იურისტს, თამთა მურადაშვილს დაუკავშირდა, რათა ეკითხა, საარჩევნო კოდექსის რომელი ნორმის საფუძველზე შეფასდა სარეკლამო რგოლი ხარვეზიანად. ტელეკომპანიის იურიდიული ჯგუფი გადაწყვეტილების მიღების დროს კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ ქვეპუნქტს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა.
"ამ კლიპში ვინაიდან მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჩავთვალეთ ხარვეზიანად. თუკი რეკლამა არ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც ჩაწერილია კოდექსში, არ გვაქვს უფლება, რომ განვათავსოთ, რადგან დაგვაჯარიმებენ. ასეთი კლიპი მოგვიტანა ევროპულმა საქართველომ და სხვა პარტიებმა, მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიტანა მიხეილ სააკაშვილზე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ მოიტანა, პატრიოტთა ალიანსმა... პირველი არ არის ევროპული საქართველო. აქედან გამომდინარე, როგორც სხვებს ვუთხარით, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ისე ვუთხარით უარი მათაც.
თუ ევროპული საქართველოსთვის არის ეს პრობლემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რომ მაგალითად, ყველა ამ პარტიამ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას და თუ კომისია იტყვის, რომ ამ კლიპის გაშვება არ ჩამეთვლება დარღვევად და არ დამაჯარიმებენ, საერთოდ პრობლემა არ არის, უპრობლემოდ გავუშვებთ. ჩვენთვის მთავარია, რომ არ ჩაგვითვალონ კანონდარღვევად და მერე არ დაგვაჯარიმონ". – ამბობს თამთა მურადაშვილი.
მუხლი, რომელსაც თამთა მურადაშვილი ეყრდნობა, ზღუდავს კონკრეტულ სუბიექტს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს და არა პარტიას, რომელსაც მისი რეკლამაში გამოჩენით კონტრასტის შექმნა სურს. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სარეკლამო რგოლის შინაარსი მეტწილად თავისუფალია, რადგან იზღუდება მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც არის, მაგალითად, ომისკენ მოწოდება ან ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა. ტაბულას ამ დაზუსტებაზე, თამთა მურადაშვილმა გვიპასუხა, რომ, მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისიას აქვს "საშინელი პრაქტიკა" და რომ აგიტაცია, თავის მხრივ, პოლიტიკურ რეკლამასაც მოიცავს.
"გეთანხმებით, მე გეთანხმებით მაგ ლოგიკაში და სხვა საქმეებზეც, როდესაც მქონია პრობლემა, ზუსტად იმავე არგუმენტს ვეუბნებოდი მარეგულირებელ კომისიას, რომ აკრძალვა არის მიმართული სხვაზე. მაგალითად, ჟურნალისტიც არ უნდა გამოჩნდესო, ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზეა აკრძალვა და თუ ვინმემ ასეთი კლიპი მომიტანა და მე გავუშვი, მე რატომ მაჯარიმებთ-მეთქი, ვეუბნები. გეთანხმებით მაგ ლოგიკაში. გუშინ მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ლელომ იჩივლა მარეგულირებელ კომისიაში და ვეუბნებოდი, რომ შინაარსზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი და მოსთხოვეთ იმათ, მაუწყებელს რატომ აჯარიმებთ? ისინი მეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, მარეგულირებელი კომისიის რეგულირების ქვეშ არიან მაუწყებლები და ჩვენ გაჯარიმებთ თქვენ ამის გავრცელებაზე, არ გვაინტერესებს შინაარსიო". – ამბობს თამთა მურადაშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი, რის საფუძველზეც მაუწყებელი იზღუდება კონკრეტული შინაარსის მქონე რეკლამის გაშვებისგან, მთავარი არხის იურისტი გვპასუხობს, რომ არ არის.
"არა, არ არის. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აგიტაციაში, რომელშიც მათ შორის იგულისხმება ეს პოლიტიკური რეკლამაც, იგულისხმება, რომ დავარღვიეთ საარჩევნო კანონმდებლობა, სადაც გაწერილია, რომ ასეთი არასათანადო რეკლამა თუ გავუშვი, ჩვეულებრივად გავა კომისია ჯარიმაზე". – ამბობს იურისტი.
ტაბულას კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რა მოხდება, თუკი რომელიმე პარტია, მაგალითად, კვლავ ევროპული საქართველო, ანტიპუტინისტური რეკლამის განთავსებას მოინდომებს, თამთა მურადაშვილი გვპასუხობს:
"ძალიან კარგი კითხვაა ეგ და გვიფიქრია, რომ, ასეთი რამ რომ მოხდეს, რა შეიძლება გავაკეთოთ. აგიტაციის დეფინიციაში თუ ჩაიხედავთ, იქ ნახავთ, რომ აგიტაცია გულისხმობს, როგორც ხელშეშლას, ისევე ხელშეწყობას, აი, ამ შემთხვევაში, თუ სუფთად პოლიტიკური გამოხატვის ფორმაში იქნებოდა ეს აღქმული და არა საარჩევნო კამპანიის ნაწილად ან აგიტაციის ნაწილად, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გადავხრილიყავით იქით, რომ დასაშვებია ასეთი რეკლამა, მაგრამ ესეც შეფასების საგანი უნდა იყოს, იმიტომ, რომ კომისიამ შეიძლება ამაზეც თქვას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეა პუტინი და რატომ გაუშვით ეთერშიო".
თამთა მურადაშვილის განმარტებით, ის გულწრფელად ფიქრობს, რომ პოლიტიკური რეკლამის შინაარსი თავისუფალი უნდა იყოს და ევროპულ საქართველოს სთავაზობს, ერთად გაგზავნონ წერილი კომუნიკაციების კომისიაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, მაგალითად, მთავარი არხის ეთერში გადის სტრატეგია აღმაშენებლის რეკლამა, სადაც პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთანაა, რომელიც ასევე არ არის საქართველოს მოქალაქე. იმავე რგოლში ჩანან ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებიც.
თავისუფლების ინსტიტუტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროექტის ხელმძღვანელი, გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი არხის მიერ მოყვანილი ნორმა ევროპულ საქართველოს არ ეხება და ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ არ ჩაერთოს აგიტაციაში და არ მოუწოდოს ამომრჩეველს ვინმეს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მისცენ ხმა. იურისტი ამბობს იმასაც, რომ რეკლამა, რომლის გაშვებაც პარტიას სურდა, პოლიტიკური შინაარსის პროდუქტია და ის მოიცავს პოზიციებს მიმდინარე დღის წესრიგის შესახებ.
"არაკონსტიტუციურია, პოლიტიკურ პარტიას შევუზღუდოთ პოლიტიკური კონტენტის შექმნა. გამოხატვის თავისუფლების ნაწილია ის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ჰქონდეთ მოსაზრება კამპანიაში, თუ კამპანიის გარეთ მოქმედი სუბიექტების შესახებ, რათა მოახდინონ ამომრჩევლის ინფორმირება.
მაგალითად, რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა თავისი რეკლამა რომ მიუძრვნას საგარეო კურსს და ისაუბროს პუტინზე, ხოლო რეკლამა ავკრძალოთ, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ ისეთ პირზე გამოხატა პოზიცია ამომრჩეველთან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და ამომრჩევლის ინფორმირებულობის წინააღმდეგ მიღებული ცენზურა იქნება.
პოლიტიკური პარტიის რეკლამის შინაარსის კონტროლი დემოკრატიულ პროცესს აზიანებს, რადგან ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიას შორის კომუნიკაციაზე ფილტრს აყენებს. არავინ არ წყვეტს, გარდა თავად პოლიტიკური პარტიისა, რა თემაზე ან ვისზე დაელაპარაკება საარჩევნო სუბიექტი ხალხს, რადგან სწორედ მისი პოზიციიდან გამომდინარე დებს ხალხთან შეთანხმებას. ხელისუფლების წყარო არის ხალხი - მან უნდა იცოდეს, სანამ აირჩევს ხელისუფლებას, რა პირობებს იღებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისგან". – განმარტავს გვანცა კვარაცხელია.