ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: COVID-19-ის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, 57 – თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში აღირიცხა, 57 – თბილისში, 22 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 – იმერეთში, 6 – ქვემო ქართლში, 6 – კახეთში, 5 – გურიაში, 3 – მცხეთა-მთიანეთში, 1 – სამცხე-ჯავახეთში.

ენდელაძის თქმით, სულ ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტებიდან 35 კრიტიკულად მძიმეა.

"აქტიური შემთხვევებიდან 35 არის კრიტიკულად მძიმე, 33 მართვით სუნთქვაზეა, 8 კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი". – ამბობს ენდელაძე.

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3992 გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები