აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე სოფელი აიღო

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

"დღეს აზერბაიჯანის არმიამ მადაგიზში აზერბაიჯანის დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია". – დაწერა ალიევმა Twitter-ში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად აზერბაიჯანმა ასევე აიღო დასახლებული პუნქტები: სუგოვშანი, ტალიში, აშაგი, მეხდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და გუიდჟაგი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი ინფორმაციით, სომხური მხარე ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

კომენტარები