ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და თურქეთის მიზნად სომეხი ხალხის განადგურება დაასახელა

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის გამწვავების ფონზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. 

ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებები გააკრიტიკა, უპრეცედენტო უწოდა მათ და თურქეთი აზერბაიჯანის პირდაპირ დახმარებაში დაადანაშაულა. პრემიერმინისტრის თანახმად, თურქეთის შეიარაღებული ძალების 150 მაღალჩინოსანი სამხედრო ახლა აზერბაიჯანში იმყოფება და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობს.

ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქმედებები არ არის განპირობებული მხოლოდ ტერიტორიული დავით და აქვთ ნაციონალური საფუძველი.

"მათი მიზანი სომხები არიან. მათი მიზანია სომხების გენოციდის გაგრძელება"

სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის მხრიდან, მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ ვერ შეასრულა ვერც ერთი ტაქტიკური ამოცანა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

კომენტარები