არჩევნები 2020

პროკურატურამ ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე ენმ-ის მხარდამჭერს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

პროკურატურამ ბოლნისში საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას დაკავებულ ენმ-ის მხარდამჭერ არიფ იუსუფოვს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ქართული ოცნების შტაბის მიმდებარედ, ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ასევე ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით. 

არიფ იუსუფოვისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები ერთმანეთს 27 სექტემბერს დაუპირისპირდნენ.  

ენმ და ქართული ოცნება თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.

ქართული ოცნების ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ქართული ოცნების 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინიციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

კომენტარები