ნიკოლ ფაშინიანის ვაჟი სომხეთის არმიის რიგებში მოხალისედ ჩაეწერა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სომხეთისა და აზერბაიჯანის ომის გამწვავების ფონზე სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟი სამხედრო ძალებში მოხალისედ ჩაეწერა.

ამის შესახებ პოსტი ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. "ჩვენი ვაჟი არმიის რიგებში ჩაეწერა". – წერია პოსტში. 

დღეს, რამდენიმე საათით ადრე ნიკოლ ფაშინიანმა ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სამხედრო სამსახური მოხალისეებად ჩაწერისკენ მოუწოდა. განკარგულება ეხებოდა სამხედროებს, რომელთაც არმიაში სამსახური წელს დაასრულეს. 

რაც შეეხება, სომხეთის პრემიერმინისტრის ვაჟს, აშოტ ფაშიანიანს, მისი სამხედრო სამსახური მიმდინარე წლის ივნისში მორჩა. დისლოკაციის სხვა წერტილებს შორის, აშოტ ფაშინიანი მთიან ყარაბაღშიც მსახურობდა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

კომენტარები