ევროკავშირი - ბელარუსი

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის გამოიხმობს

ზბიგევ რაუ
polishnews

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსიდან თავის ელჩებს კონსულტაციებისთვის გამოიხმობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

"ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან და წევრ ქვეყნებთან ერთად გადავწყვიტეთ ბელარუსში აკრედიტებული რამდენიმე ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის პოლონეთთან და ლიტვასთან სოლიდარობისთვის და ბელარუსელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ კომუნიკაციის არხები იყოს ღია, რათა დავუდგეთ მხარში მათ, ვინც დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული ბელარუსისთვის იბრძვის. ევროკავშირის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს სტიგმატიზაციაზე გავცემთ პირდაპირ და შესაბამის პასუხს". – წერს ზბიგევ რაუ Twitter-ზე.

მინისტრს არ დაუზუსტებია ევროკავშირის კონკრეტულად რომელი სახელმწიფოები გაიხმობენ ბელარუსიდან ელჩებს და როდის მოხდება ეს.

2 ოქტომბერს ბელარუსმა პოლონეთსა და ლიტვას მოსთხოვა ერთ კვირაში შეემცირებინათ ქვეყანაში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ამის მიზეზად "ღიად არამეგობრული მოქმედებები" დასახელდა. ამავე დღეს ვარშავიდან და ვილნიუსიდან გამოიხმეს ბელარუსი ელჩები.

2 ოქტომბერს ამოქმედდა 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

კომენტარები