არჩევნები 2020

ISFED: ოცნების სასარგებლოდ მოქმედი გვერდები ევროპულ საქართველოს ენმ-ს ნაწილად წარმოაჩენენ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელში არსებულ გარემოს ეძღვნება, ქართული ოცნების სასარგებლოდ მოქმედი ანგარიშები ევროპული საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილად წარმოჩენას ცდილობს. 

ანგარიშის მიხედვით, ქართული ოცნების სასარგებლოდ 37 კოორდინირებული ანონიმური მადისკრედიტირებელი გვერდი მუშაობს.

"გარკვეულწილად, ამ გვერდების სამიზნე პარტია ევროპული საქართველო და მისი ლიდერებიც არიან. მათ წინააღმდეგ გამოყენებული პოსტების უმეტესობა მიზნად ისახავს ევროპული საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ნაწილად წარმოჩენას". – წერია ანგარიშში. 

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით, 69 გვერდი მოქმედებდა. მათგან 37 ოპოზიციის (გარდა პატრიოტთა ალიანსისა) ორგანიზებულ დისკრედიტაციას ეწეოდა, 32 გვერდი კი, ძირითადად, ქართული ოცნების დისკრედიტაციას მიმართავდა, თუმცა, ISFED-ის ცნობით, ზოგ შემთხვევაში მათი პოსტები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც იყო მიმართული (გარდა ძალა ერთობაშიაში შემავალი პარტიებისა). 

ISFED-ის ცნობით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნებს ამჟღავნებს და მათი ძირითადი სამიზნე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა, ისინი ასევე ეწევიან ევროპული საქართველოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციასაც, გარდა პატრიოტთა ალიანსისა

"37 გვერდი, რომელიც ძირითადი ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციას ეწევა, ორგანიზებულად და მწყობრი ტაქტიკით, კარგად დამუშავებული ფოტო-ვიდეო მასალების გამოყენებით მოქმედებს. კორდინირებულ გვერდებზე თითქმის ერთდროულად ვრცელდება ერთი თემატიკის პოსტები, რომლებსაც სხვადასხვა სიტყვით გამოხატული საერთო გზავნილები ახლავს. პოსტების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დასპონსორებული იყო ან ყალბი ანგარიშების გამოყენებით გაზიარდა მრავალათასიან ჯგუფებში, რაზეც პოსტების არაბუნებრივად მაღალი ინტერაქცია მიუთითებს". – წერია ანგარიშში. 

Facebook-მა მმართველ გუნდთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელი უკვე ორჯერ წაშალა. პირველად 2019 წლის დეკემბერში, როდესაც განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ გვერდები დაკავშირებული იყო პარტია ქართულ ოცნებასთან და სარეკლამო გუნდ პანდასთან, ხოლო მეორედ 2020 წლის მარტში, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების PR-ხელმძღვანელთან, კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. მარტში სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდებიც წაშალა

კომენტარები