კორონავირუსი აჭარაში

ნინო ნიჟარაძე: ამ ეტაპზე აჭარაში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება

დღეს, 6 ოქტომბერს, ექიმებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან რატიანი იყო, აჭარაში არსებული ახალი კორონავირუსის ცენტრები მოინახულეს. მათ თან ახლდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძეც.

ლევან რატიანის თქმით, ბათუმისა და ქობულეთის მათი მიერ მონახულებული კლინიკები აღჭურვილია ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც არსებულ კრიტერიუმებს შეესაბამება და აკმაყოფილებს.

"შესაძლებელია გაიზარდოს [შემთხვევები], მაგრამ მთავარი ისაა, რომ აჭარაში არ გვყავს კრიტიკული პაციენტები. კიდევ ერთხელ მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, რომ რაც შეიძლება, უნდა ვიყოთ მშვიდად". – თქვა რატიანმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნინო ნიჟარაძემაც. ის ამბობს, რომ აჭარაში ამ დროისთვის არსებული სიტუაცია კონტროლს არის დაქვემდებარებული, მოსახლეობას კი მოუწოდა, რომ დაიცვან წესები, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება.

"ის შეზღუდვები, რაც ჩვენ აჭარის რეგიონში გვაქვს, არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, აი, ეს შედარებით მსუბუქი შეზღუდვები დაწესდა, მაგრამ ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, არ განიხილება, რადგან შემთხვევების რაოდენობა და ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა". – თქვა ნიჟარაძემ.

გასულ დღე ღამეში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში დადასტურდა. ასევე, უკანასკნელ 24 საათაში ინფექციით აჭარაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარაში, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 19 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 58-ია. Covid სასტუმროებში 943 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 92.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა.

კომენტარები