ყირგიზეთი

ყირგიზეთში პროტესტის ფონზე პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

0 კომენტარი
კუბატბეკ ბორონოვი

ყირგიზეთის პრემიერმინისტრი კუბატბეკ ბორონოვი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტისა და არეულობის ფონზე თანამდებობიდან გადადგა. 

პარლამენტმა ახალ პრემიერმინისტრად უკვე დანიშნა სადირ ჟაპაროვი. ჟაპაროვი ყოფილი დეპუტატია, რომელიც პროტესტის ღამეს დემონსტრანტებმა ბიშკეკის ერთერთი ციხიდან გაათავისუფლეს. ის არეულობების ორგანიზებისთვის 10-წლიან სასჯელს იხდიდა.

თანამდებობა ასევე დატოვა ყირგიზეთის პარლამენტის თავჯდომარემ დასტან ჯუმაბეკოვმა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ ის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი" რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. შენობაში გაჩნდა ხანძარი. მედიის ინფორმაციით მომიტინგეებმა შეატვრიეს დეპუტატების კაბინეტების კარები, დააზიანეს ტექნიკა და შენობიდან გაიტანეს წიგნები, სუვენირები და ძვირფასი ნივთები.

დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყურგიზეთის მთავრობის შენობა.

უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი.

პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნებოდა ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. პარალელურად ყირგიზეთის სამ ოლქში მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ.

ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებდა.

ოპოზიცია გეგმავს, რომ თანამდებობიდან გადააყენოს ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი. ოპოზიციას, ასევე, ახალი კონსტიტუციის მიღება სურს.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის ერთობის პარტიამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები