ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი: სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ზურაბიშვილმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

"სირიაში ე.წ. "აფხაზეთის საელჩოს" გახსნით გრძელდება დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო და იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობილი". – წერს ზურაბიშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალხას კვიცინიას მეთაურობით დელეგაცია სირიაში 4 ოქტომბერს ჩავიდა. დელეგაციის წევრია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავურ კოვეც.

დელეგაციის ვიზიტი დაკავშირებულია დამასკოში 6 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის საელჩოს გახსნასთან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სირიის მთავრობასთან.

ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმის თქმით, ტერორისტული თავდასხმების დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სირიას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და სირიული ავიახაზებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დახურა.

კომენტარები