მარნეული

"ოცნების" საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმისთვის მარნეულში ოთხი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრზე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულები არიან წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1975 წელს დაბადებული დ.ქ. 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ.   

უწყების ინფორმაციით, შუბითიძე 30 სექტემბერს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა დაკავებულებმა საკუთარი, "ოპელის" მარკის მანქანა უკნიდან შეაჯახეს, შემდეგ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

"დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები