თბილისის მერია

კალაძე: გვინდა, ყოფილ იპოდრომთან კორტების ადგილი პირველადი სახით აღვადგინოთ

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერია ყოფილ იპოდრომთან კორტების აღდგენას გეგმავს. 

კალაძის თქმით, ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო, თუმცა, მისივე სიტყვებით, ინვესტორთან ადგილმონაცვლეობის საკითხზე შეთანხმდნენ. 

"გვინდა, რომ კორტების ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით, სადაც ყველა ადამიანს, იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ სპორტული კომპლექსით.

შესაბამისად, ეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. დღეს გვინდა გამოვაცხადოთ აუქციონი, რომ 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდეს". – ამბობს კალაძე. 

მერის თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ. მეტრზე 2 წლის ვადაში უნდა მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო დარბაზი. 

"ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა შეადგენს 5 775 000 ლარს. ამ პროექტის განხორციელება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარკის პროექტი კეთდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი". – ამბობს კალაძე.

კომენტარები