Nord Stream 2-ის გაზსადენი

პოლონეთმა გაზპრომი Nord Stream 2-ის პროექტის გამო 7.5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

Maxim Shemetov / Reuters

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გაზპრომი 7.5 მილიარდი დოლარით Nord Stream 2-ის გაზსადენის გამო დააჯარიმა.

2-წლიანი გამოძიების შემდეგ პოლონურმა მხარემ დაასკვნა, რომ გაზსადენი პოლონელ მომხმარებლებს აზარალებს. გარდა ამისა, გაზსადენი აჩენს კითხვებს ენერგო უსაფრთხოებასთან, საბაზრო კონკურენციასთან და გაზპრომსა და ხუთ ევროპულ ენერგო კომპანიას შორის დადებულ ფინანსურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

თანხა, რომლითაც გაზპრომი დაჯარიმდა, კომპანიის წლიური შემოსავლის 10%-ია. ეს ჯარიმის მაქსიმალური დაშვებული ოდენობაა. პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა, ტომაშ ხრუსტნიმ თქვა, რომ ჯარიმა უპრეცედენტო იყო.

ასევე, 61$ მილიონით, შემოსავლის 10%-ით, დაჯარიმდნენ პროექტზე მომუშავე ევროპული კომპანიები, Engie, Uniper, OMV, Shell და Wintershall.

ვარშავაში კონფერენციაზე ხრუსტნიმ განაცხადა, რომ Nord Stream 2 დააზარალებდა, არა მხოლოდ კონკურენციას ბაზარზე, არამედ მომხმარებლებსაც.

"Nord Stream 2-ის გაშვება საფრთხეს შეუქმნის პოლონეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას. ასევე, მოსალოდნელია პროდუქტზე ფასის ზრდა, რომელიც პოლონელ მომხმარებლებს დააწვება. ამ საინვესტიციო პროექტის დასრულება გაზრდის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ სხვა ევროპული სახელმწიფოების შემთხვევაშიც". – თქვა ტომაშ ხრუსტნიმ.

"გასაკვირია, რომ დასავლურ კორპორაციებს არ ესმით ეს და მონაწილეობას იღებენ ისეთ პროექტში, რომელიც არამხოლოდ ხელს უშლის კონკურენციას, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს". –აღნიშნა ხრუსტნიმ.

სამეთვალყურეო ორგანომ ევროპულ კომპანიებს პროექტის დატოვებისკენ მოუწოდა.

გაზპრომის თქმით, კომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კომპანიის განცხადების თანახმად, ჯარიმა არღვევს კანონს, პროპორციულობის პრინციპსა და სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლებას.

"ჯარიმის უპრეცედენტო რაოდენობა ნათლად მიუთითებს სურვილზე, ნებისმიერი გზით შეჩერდეს Nord Stream 2-ის იმპლემენტაცია". – ამბობს გაზპრომი.

პროექტთან დაკავშირებით გაზპრომის დაჯარიმების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ნათელი გადა, რომ პროექტის დასაწყებად პოლონეთის თანხმობა იყო საჭირო. კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის ოფისის ცნობით, თავდაპირველად, 2015 წელს, ექვსმა კომპანიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი პროექტის დაწყებისთვის ნებართვის მოპოვებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ პოლონეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ყოყმანობდა, კომპანიებმა პროექტის მართვის ფორმა შეცვალეს, რათა მისი განხორციელება პოლონეთის გადაწყვეტილების გვერდით ავლით შეძლებოდათ.

პოლონეთი დიდი ხანია Nords Stream 2-ს ეწინააღმდეგება. პოლონეთის თანახმად, პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და კონტინენტის რუსეთზე დამოკიდებულების დონეს ზრდის. პოლონეთმა გაზპრომს და მის ევროპულ პარტნიორებს ბრალდებები პირველად ორი წლის წინ წაუყენა და უწინაც დაუჯარიმებია რუსული კომპანია, გაზპრომი რამდენიმე მილიონი დოლარით, იმის გამო, რომ კომპანია გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

გაზპრომის დაჯარიმების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლოეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გათვალისწინებით, გერმანიასა და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა თვალი არ დაეხუჭათ ადამიანთა უფლებების დარღვევებზე მოსკოვთან თანამშრომლობის დროს.

ნავალნის მოწამვლა ხელახლა დააყენა Nord Stream 2-ის პროექტის საკითხი. ნავალნის მოწამვლამდე პროექტის დასრულებას ემხრობოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, თუმცა ნავალნის მოწამვლის შემდეგ, საპასუხო ზომებზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი საპასუხო მოქმედება განიხილება". თუმცა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი გაზპრომის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ემხრობა. მინისტრის თქმით, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება აუცილებელია. 

Nord Stream 2-ის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები