არჩევნები ვენესუელაში

ევროკავშირი ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას გამორიცხავს

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირი ვენესუელაში დეკემბერში დანიშულ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას გამორიცხავს.

"ვინაიდან არჩევნები არ გადაიდება, ევროკავშირი ვერც კი განიხილავს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას". – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და მადუროს რეჟიმი გააკრიტიკა. მისი თქმით, ის, რომ ვენესუელის ხელისუფლება ევროკავშირს დაგვიანებით დაუკავშირდა, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.

მადურომ 6 დეკემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროკავშირის მისია გასულ თვეს მიიწვია, რაც ორგანიზებისათვის საკმარისი დრო არ არის. საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად მისია რამდენიმე თვით ადრე იგზავნება, რათა შეაფასოს როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და როგორი პირობებია შექმნილი ქვეყანაში.

ამის გამო, მადუროს ხელისუფლებას ვენესუელის ოპოზიციაც აკრიტიკებს. არჩევნების გადადებაზე მადურო უარს ამბობს და აცხადებს, რომ კონსტიტუცია მას ავალდებულებს არჩევნები 6 დეკემბერს ჩაატაროს.

ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მანდატი გაუხანგრძლივა გამომძიებლებს, რომლებიც ვენესუელაში ადამიანების გაუჩინარების, წამებისა და მკვლელობის საქმეებს იძიებენ.

გასულ თვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ პირს ვენესუელის საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის სანქციები დაუწესა. მათ ადანაშაულებენ ნიკოლას მადუროს მთავრობის დახმარებაში, იმისათვის, რომ დეკემბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართოს.

დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მადუროს რეჟიმმა განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალეს, მათ შორის, 20-ზე მეტი კანონმდებელი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. განიცდიან საწვავის დეფიციტს, რის გამოც ნავთობით მდიდარ ქვეყანას საწვავის მიღება სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის ირანისგან უწევს.

კომენტარები