TASS: ალიევი სომხეთთან მოლაპარაკებებს კონფლიქტის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს თქვა, რომ სომხეთთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მწვავე  ფაზა დასრულდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ TASS-მა გაავრცელა.

"როცა დამთავრდება სამხედრო წინააღმდეგობის ფაზა, ბუნებრივია, ჩვენ დავუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას. სხვათა შორის, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებების დასაწყისიდანვე ამბობდა, რომ ჩვენ არ გავდივართ მოლაპარაკებების პროცესიდან, ჩვენ იმედი გვაქვს პოლიტიკური დარეგულირების, თუმცა ეს უნდა იყოს დარეგულირება. ჩვენ 30 წელი ვერ ვისხდებით და დაველოდებით, როდის მოხდება სომხეთზე შესაბამისი გავლენა". – ციტირებს ილჰამ ალიევს TASS-ი.

ილჰამ ალიევმა რუსულ სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთს აქვს უფლება მოლაპარაკებებში შუამავალი იყოს.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Time-თან საუბრისას თქვა, რომ სომხეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მოლაპარაკებებს, თუ მდგომარეობაში თურქეთი არ ჩაერეოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

 

    კომენტარები