დავითგარეჯის საქმე

კიკნაველიძე: ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში წითელი ხაზები არ აქვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და საბჭოს წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ივანიშვილმა უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში არანაირი წითელი ხაზი არ აქვს. პოლიტიკასა და საჯარო სფეროში მყოფი ადამიანებისთვის მრავალი წელია ცხადია, რომ მარტივად შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, თუ რამე ფორმით გადაეფარა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე.

ივანიშვილი არ ინდობს არავის და შეუძლია მის პირად ინტერესებს მოახმაროს სრულიად უდანაშაულო სახელმწიფო მოხელეები და მათი თავისუფლება. ის რაც ძალაუფლების ადრეულ ეტაპზე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მოხდა, წლებია სხვადასხვა საქმეში მეორდება და საბოლოოდ ამ უბინძურეს პროვოკაციამდე მოვედით, რომელსაც ივანიშვილი წინასაარჩევნოდ უწყობს მთელს ქვეყანას. არაფერს ნიშნავს მისთვის ადამიანების სიცოცხლე, ღირსება და პატრიოტიზმი. საკუთარი სისხლიანი მმართველობის შენარჩუნება უნდა და მეტი არაფერი. ეს ბოროტება უნდა დავასრულოთ 31 ოქტომბერს. თან აუცილებლად". – წერს კიკნაველიძე.

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების გასაპროტესტებლად პროკურატურასთან აქცია დღესვე, 19:00-ზე დაიგეგმა.

კომენტარები