კორონავირუსი

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რისკ-ჯგუფში შეიყვანა

Thomas Kienzle/AFP/Getty Images

გერმანიის ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ერთობლივი ანალიზი ჩაატარეს. შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რისკ-ჯგუფში გადაიყვანეს.

8 აგვისტოს შემდეგ, იმ პირებმა, რომლებიც გერმანიაში ჩასვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში რისკ-ჯგუფის ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სავალდებულო ტესტი უნდა გაიკეთონ და შესაძლოა, სავალდებულო კარანტინის მოხდაც დასჭირდეთ. კარანტინის საკითხი დამოკიდებულია გერმანიის იმ მიწაზე, სადაც მიემგზავრებიან, კარანტინის პირობებს სწორედ ფედერაციული მიწები ადგენენ.

საქართველოსთან ერთად რისკ-ჯგუფში მოხვდნენ რუმინეთი, ტუნისი და იორდანია. ასევე ხორვატიის, ბულგარეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და სლოვენიის ზოგიერთი რეგიონი.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იმატებს. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 3 942 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 311 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 9 652.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მაღალია საქართველოშიც. 7 ოქტომბერს გამოვლინდა დაავადების 508 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

კომენტარები