არჩევნები 2020

სააკაშვილი უცხოეთში მყოფ "წარმატებულ ქართველებს" ბიოგრაფიების გაგზავნისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზინდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მყოფ საქართველოს წარმატებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მას თავიანთი ბიოგრაფიები გადაუგზავნოს, რათა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი "ახალი ენერგიით" დააკომპლექტოს. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა და მდგომარეობა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს შეადარა, როდესაც, მისივე თქმით, დაუყონებლივ დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ქართველების ძებნა. 

"ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას ოლიგარქიულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს, მაგრამ უკვე წინასწარ უნდა დავიჭირო თადარიგი და მივმართო მთელ მსოფლიოში გაბნეულ წარმატებულ ქართველებს... მინდა მოგიწოდოთ, ახლავე გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფიები, ბევრს ვიცნობთ, მაგრამ ბევრად უფრო მეტს არ ვიცნობ, ჩვენ ვიქნებით გახსნილები ყველასათვის, ახალი იდეებისთვის, ახალი ენერგიისთვის, ახალი ძალისთვის და მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამოვათრიოთ ჭაობიდან ჩვენი ქვეყანა". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მესამე პრეზიდენტის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ის "დაუყონებლივ" შეუდგა წარმატებული ქართველების ძებნას, საქართველოში ბევრი მათგანი დააბრუნა. ასეთი ადამიანების მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძე, ვერა ქობალია და ლადო გურგენიძე დაასახელა. 

"ახლა საქართველო არის არანაკლებ მძიმე კრიზისში, ვიდრე 2003 წელს. საქართველოში ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის წილი აღემატება უკვე 60%-ს, ძაან მძიმე რიცხვია, საქართველოში ბოლო 8 წელია, პრაქტიკულად შეჩერებულია ზრდა, უამრავი დრო დაკარგა ქვეყანამ, საქართველოში არის სიღარიბის თვალსაზრისით და შიმშილის თვალსაზრისით სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების დონეზე. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა თქვენ უნდა გააძლიეროთ და გადაარჩინოთ საკუთარი ქვეყანა". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ხოლო 30-ისა კი მაჟორიტარული პრინციპით.

კომენტარები