დავითგარეჯის საქმე

ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩზე: მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი თქმით, დანიაში საქართველოს ელჩს, გიგი გიგიაძეს ჯერ უნდა დაერეკა და მოეკითხა, თუ "რასთანაა საქმე და რა მდგომარეობაა". ლაპარაკია დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის Facebook-ზე ივერი მელაშვილის მხარდაჭერ პოსტზე, რომელიც მან გუშინ მელაშვილის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.

გიგიაძის შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია".

"მეც გამიკვირდა, რადგან იცით, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ელჩი რაიმე სახის განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მან ეს განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ". – ამბობს ზალკალიანი.

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

იმავე საღამოს გენერალურ პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავითგარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა

კომენტარები