დავითგარეჯის საქმე

ადვოკატი: მელაშვილი გირაოს შეთავაზებას არ აპირებს, თვლის, რომ ეს მისი ბრძოლაა

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს, რადაგან, მისივე სიტყვებით, "ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა." 

"ერთმანეთში არის არეული სხვადასხვა ცნებები, მათ შორის, ბატონ ივერის ვალდებულებას უწესებს პროკურატურა, რომ მას თითქოს ვალდებულება ჰქონდა აზერბაიჯანთან ისტორიული საზღვრის დადგენისა, რაც აბსურდულია. ბატონი ივერი იყო თავისი საქმის სპეციალისტი და კომისიასთან ერთად და არა მარტო, მუშაობდა ამ საკითხზე. 

ბატონი ივერი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის, გირაოსიც, ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, რომელსაც ბოლომდე იბრძოლებს." - ამბობს მარიკაშვილი. 

მისივე თქმით, საქმის მოწმეები სასულიერო პირები არიან, რომელთაც, მისივე სიტყვებით, თითქოს ჰქოდნათ ექსპერტული ცოდნა, "რომ მათ გაარჩიეს რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი." 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები