დავითგარეჯის საქმე

კობახიძე დავითგარეჯაზე: ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავითგარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ ისინი "ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებენ ხელისუფლებაზე."  

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო საზღვრის საკითხი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ დავით-გარეჯის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ პოზიციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთაა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესის სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარის მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლადაღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის აღმოჩენილი რუკა, რომელიც საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია. 

ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული." - ამბობს კობახიძე. 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა.

კომენტარები