დავითგარეჯის საქმე

რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: "რომ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ქართული არხის ეთერში დავითგარეჯის საკითხზე ისაუბრა. არქიმანდრიტის თქმით, საკითხზე აქტიური მუშაობა 2012 წელს, მისი ბავშობის მეგობრის, ირაკლი ალასანიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც საზღვრების დასადგენად შესაბამისი რუკა არქივებში არ მოიძებნებოდა.

"ხელისუფლება იცვლება, მოდის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ამ გუნდში ჩემი ბავშვობის მეგობარია ირაკლი ალასანია, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრემიერი, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვთხოვ, რომ გაეცნოს ამ ყველაფერს, ჩაუღრმავდეს, გამოიკვლიოს". - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი. 

არქიმანდრიტის თქმით, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამოიყო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კარტოგრაფიული მასალის არქივებში მოძიება. თუმცა, 4 არქივში რუკა, რომელიც დავითგარეჯის მონაკვეთზე საზღვრების დასადგენად იყო საჭირო, ვერ მოიძებნა, ამიტომაც ამ საკითხზე ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩოვასთან ისაუბრეს.

"შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ივერი მელაშვილი, დავილაპარაკეთ ამ საკითხზე და მელაშვილი ამბობს, რომ ეს რუკები არ ჰქონდათ და ამის გამო, იძულებული გახდა, რომ კალკის ქაღალდი დაედო აზერბაიჯანის მასალებზე და ამოეხაზა სასაზღვრო ხაზი, რაღაც მასალა ხელში რომ ჰქონოდა.

კომისიაში მოქმედ ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელს რუკა რომ არ გაქვს, გაუგებარი ამბავია, აბა, რას შვებოდი ამდენი წელიწადი, რით ხელმძღვანელობდი? შემდეგ მოვინახულეთ ნატალია ილიჩოვა, რომელიც ასევე დღეს დააკავეს, ის ძალიან დაიბნა და თქვა, რომ რუკა არ ჰქონდა და ამ საქმეში არაფერ შუაში იყო, ყველაფერს ივერი წარმართავდა და ბოლომდე არაფერში ახედებდა. ამან დაგვაეჭვა ჩვენ იმიტომ, რომ გეკითხებით ელემენტრაულ კითხვებს, შენ ასე იბნევი და ხელებს იბან, ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად არ იყო". - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ალასანიას მეშვეობით შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს დაავალა საქმის გამოკვლევა. მისი თქმით, 2014 წელს მოიძიეს საჭირო რუკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ იყო იურიდიული სახის, იყო წვრილმასშტაბიანი და გეოგრაფიული ნიშნულების გარკვევაც რთულად ხერხდებოდა. 

არქიმანდრიტის თქმით, საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ყველა ძალოვანი უწყება ესწრებოდა, მათ შორის, საგარეო უწყებაც, მელაშვილმა თქვა, რომ მოძიებული რუკა მათაც ჰქონდათ.  

"მელაშვილმა თქვა, რომ რუკა ჩვენც გვაქვს და ჩვენ გავიკვირვეთ, როგორ თუ გაქვს? ჩვენ ხომ გნახეთ და გვითხარი, რომ ეს რუკა არ გვაქვსო? თქვა, რომ დავიბენი და ვერ გავიგეო. ეს იყო იმ სხდომაზე საჭირო მანევრი, რომ თავი გამოეძვრინა". - ამბობს არქიმანდრიტი. 

არქიმანდრიტ კირიონის თქმით, მელაშვილმა მოგვიანებით თავისი ნათქვამი უარყო და რუკა, საბოლოო ჯამში, ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების და გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ, პროცესი შენელდა, მამუკა ბახტაძის პროცესში მონაწილეობას კი არქიმანდრიტი პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ბახტაძემ შექმნა ახალი კომისია და სწორედ მან გაუშვა კომისიიდან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში პროცესი რეგრესისკენ წავიდა, თუმცა 2019 წელს ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით სურათი შეიცვალა.

"რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის შემოტრიალება პოლიტიკაში, მე არ ვიცი, ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. იმიტომ, რომ მისი შემობრუნებით პოლიტიკაში აღდგა ჩვენი კავშირები, ვნახე, ვთხოვე, დაველაპარაკე, რომ საქმე უკვე აქამდეა მისული და ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენ თავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყალში ჩაყარა 7 თვიანი მოკვლევა ამ ყველაფერზე და მათ დადეს დასკვნა, რომ ივერი მელაშვილის და ელიჩოვას საქმიანობა შეიცავდა სახელწმიფო დანაშაულის ნიშნებს, ანუ სამშობლოს ღალატს. მაშინ იდო უკვე ეს ყველაფერი, ამდენი ხანი კი გაჩერებული იყო ეს დასკვნა." - ამბობს არქიმანდრიტი. 

არქმინადრიტ კირიონის თქმით, ღარიბაშვილმა საქმის ვითარება ბიძინა ივანიშვილს გააცნო, რომ საჭირო იყო იურიდიული ძალის მქონე, დამოწმებული რუკა, რომლითაც საზღვრები დადგინდებოდა. ივანიშვილმა კი შექმნილი სიტუაციის შესახებ არ იცოდა და, როგორც კირიონი ამბობს, აღელდა კიდევაც, მუშაობის გაგრძელება დაავალა და დახმარებასაც დაჰპირდა ირაკლი ღარიბაშვილს.

"ღარიბაშვილი მიდის ივანიშვილთან და ეუბნება, რომ არ გვაქვს იურიდიული ძალის მქონე, დამოწმებული რუკა. 2019 წელს კომისიამ ჩვენს ხელთ არსებული 200 000-იანი რუკა გამოიყენა საველე გასვლაზე, როცა ორივე მხარე გავედით, აზერბაიჯანი და საქართველო, რათა იმ მონაკვეთში საზღვარი დაგვედგინა, წარუდგინეს ეს ფორმატი, 24-ე ნომენკლატურა, და ისინი ძალიან დაიბნენ, გაიკვირვეს, ეს აქამდე ხმარებაში არ გვქონია და სხვა წლების, 1945-ის, 1965-ის, 80-იანი წლების რუკებს ვიყენებთ, ახალი მასალაა და დრო გვჭირდება რომ გავერკვეთო." - თქვა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა რამდენიმე დღის შემდეგ იგივენაირი დროშა წარმოადგინა, რომელიც ელექტრონულად იყო დამუშავებული და საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

არქმინადრიტი კირიონის აზრით, დღეს რომ "იურიდიული ფასის" რუკა არსებობს, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის დამსახურებაა, სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა "მთელი საქართველოს მასშტაბი" და "არნახული სიკეთე გაუკეთა თავის სამშობლოს".

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები