კორონავირუსი აჭარაში

გაბუნია: აჭარაში ბოლო რამდენიმე დღეა, სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება, მოლოდინი გვქონდა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება. მისივე სიტყვებით, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა განსაკუთრებით არ გაზრდილა.

"ბოლო რამდენიმე დღეა, უკვე იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რის მოლოდინიც გვქონდა და ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. პრევენციული და, ასევე, შუმზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც 10 დღე და მეტია ამოქმედდა, მოსალოდნელიც იყო ასეთი ტენდენცია. ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება და, საბოლოო ჯამში, მოგვცემს ეპიდემიის სტაბილიზაციის და უკან დახევის შემდეგ სურათიც იქნება მეტად თვალსაჩინო. 

[...] რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ის, რომ აჭარაში შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც იყო მაღალი. თუმცა, პროპორციულად რომ გითხრათ, რომ რეგიონში სიკვდილობის რაღაც განსაკუთრებით მაღალი ტენდენციები შეინიშნება, ასე არ არის. შედარებადია ყველაფერი, რა თქმა უნდა. ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი მაინც არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში " - ამბობს გაბუნია.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა და 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

 

კომენტარები