დავით-გარეჯის საქმე

NGO-ები დავითგარეჯის საქმეზე: გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანიზაციები დავითგარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

NGO-ების შეფასებით, ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს - გამოძიების დაწყების დრო, მმართველი პარტიის გამოხმაურება და შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში

"გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია, მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. 

მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო". - წერია მათ განცხადებაში. 

ასევე, არასამთავრობოების შეფასებით, "ოცნების" ლიდერებმა ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავების შემდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები გააკეთეს. 

"პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის  საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება.  იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. 

ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში." - წერია განცხადებაში. 

მათივე შეფასებით, საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. 

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა.  მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო." - ვკითხულობთ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას: 

  • შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება;
  • შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში  რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი;
  • უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა;
  • საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე;
  • საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

განცხადებას ხელს აწერენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება. . 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები