დონალდ ტრამპი

შესაძლოა, ხვალ, 10 ოქტომბერს, დონალდ ტრამპი ფლორიდაში ამომრჩევლებს შეხვდეს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა, ხვალ, 10 ოქტომბერს ფლორიდაში ამომრჩევლებთან შეხვედრა ჩაატაროს. ტრამპს გასულ კვირას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მან 3 დღე საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი თეთრ სახლში დაბრუნდა.

ტრამპს ექსპერიმენტული წამლით უმკურნალეს. ის ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. დღეს პრეზიდენტს კორონავირუსის ტესტი განმეორებით ჩაუტარდება. ტრამპის ექიმის თქმით, ელიან, რომ ტრამპი საჯარო შეხვედრების ჩატარებას კვირის ბოლოდან შეძლებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა არ ჰქონიათ, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის შემდეგ სხვა ადამიანებთან შეხვედრა შეუძლიათ.

"მე შევეცდები შაბათს წინასაარჩევნო შეხვედრა ჩავატარო, თუ საკმარისი დრო გვექნება ორგანიზებისთვის. ჩვენ გვსურს ამომრჩევლებთან შეხვედრა ფლორიდაში. მომდევნო საღამოს, შესაძლოა, პენსილვანიაში წავიდე". - თქვა ტრამპმა.

ტრამპს ახალი კორნავირუსი ჯო ბაიდენთან პირველი დებატების შემდეგ დაუდასტურდა. ვირუსი არ დაუდასტურდა ჯო ბაიდენს. დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის კიდევ 2 დებატებია დაგეგმილი, რომლებიც 15 და 22 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო 15 ოქტომბრის დებატები ვირტუალურად გაიმართებოდა. ტრამპი ამბობს, რომ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ აპირებს. თავის მხრივ, კომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. 22 ოქტომბრის დებატების ფორმატი ამ დროისთვის არ შეცვლილა.

კომენტარები