ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 190 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი, 250 გამოჯანმრთელებული

constructionnews

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ისინი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ.

პირველი გარდაცვლილი 55 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 6 ოქტომბერს მიიყვანეს კორონავირუსის დიაგნოზით. მას COVID -19-თან ერთად პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები [შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონიული დაავადებები] ჰქონდა.

მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პირველ ოქტომბერს გადაიყვანეს. გარდაცვლილს COVID -19-თან ერთად პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და თანმხმლები დაავადებები [შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მე-4 ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები] აღენიშნებოდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 313 პირი, მათგან 250 აჭარაში.

გამოჯანმრთელებულებს შორისაა მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფციარი. ასევე, სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდ სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი და გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი.

აჭარაში ამ დროისთვის Covid კლინიკებში 512 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 21 ორსული. რეანიმაციაში 39 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 104-ია. Covid სასტუმროებში 878 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 95.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტაციონარულ მკურნალობას შერეული პრინციპით დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში - 23 საწოლი. ჯამში აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება.

9 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები