კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არსად არ იგეგმება, არც თბილისში

ქართული ოცნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook Live-ის ბოლოს კიდევ ერთხელ განმარტა, იგეგმება თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესება. იქამდე, გამყრელიძემ თქვა, რომ ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, გახდება თუ არა თბილისში საჭირო მკაცრი შეზღუდვები.

"ზოგადად კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა გაზაფხულის შემდეგ შეიცვალა. გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ამ ვირუსის ქცევის შესახებ და ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს. 

დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და, შესაძლოა, ვერც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება არათუ ლაითურში და გურიაში, არამედ თბილისშიც.

მაგრამ იქ, სადაც საჭირო იქნება ე.წ წერტილოვანი ასე ვთქვათ დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, როგორიც არის მაგალითად კლასი. მაგალითად, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, რა თქმა უნდა, კლასი დროებით შეწყვეტს სწავლას და გადავლენ თვითიზოლაციაში. ან, თუ, ვთქვათ, სკოლაში იქნა რამდენიმე შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში, მაგრამ მთლიანად სწავლის შეწყვეტის - არა.

ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ერთად - სახელმწიფომ, ჩვენ, ექიმებმა, დამსაქმებლებმა და თქვენ - საზოგადოებამ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ პროცესი ვმართოთ, ეკონომიკა განვითარდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, კითხვას, შესაძლებელია თუ არა, უახლოეს დღეებში თბილისი ე.წ "წითელი ზონა" გახდეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ "თეორიულად ყველაფერი დასაშვებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ გახდეს".

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან - 190 აჭარაში და 179 - თბილისში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისათვის ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე საშიში ვითარება სწორედ თბილისშია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები