ქუთაისის მერია

ქუთაისში ორწლიანი მცდელობის შემდეგ დაკიდებული დროშა ქარმა დახია

Kutaisi Post

ქუთაისში ნიკეის ქუჩაზე მერიის მიერ ორწლიანი მცდელობის შემდეგ დაკიდებული საქართველოს დროშა ქარმა დააზიანა და დახია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Kutaisi Post ავრცელებს, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს დროშის დაკიდების მცდელობებს.

დროშა 2 ოქტომბერს შეიცვალა და ის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა დროშა ქარმა წაიღო. 

34 მეტრიან სადგამზე დროშის აღსამართად მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 4500 ლარი იყო, არ შედგა.

მეორე ტენდერი მერიამ 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. ამჯერად ტენდერის ღირებულება 65 651 ლარი იყო, თუმცა ტენდერი კვლავ ჩაიშალა.

მესამედ ქუთაისის მერიამ უკვე 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 36 299 ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მერიას წინა სამი ტენდერი ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ შეუსწავლია მიწა, რომელზეც სადგამი უნდა განთავსებულიყო.

ამიტომ, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ნიადაგის შესასწავლად. ტენდერი ამჯერადაც არ შედგა. მეხუთე ტენდერი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა - ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული საკრებულოს წევრის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია იყო. თუმცა კომპანიამ ტენდერიდან მალევე უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე.

ამგვარად, 19 დეკემბერს ქუთაისის მერიამ მეექვსე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც კვლავინებურად 49 959 ლარია.

მეექვსე მცდელობაზე ტენდერში შპს ნიუ იბერიამ გაიმარჯვა და კომპანიას დროშის დგარი 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ პროექტში არსებული ხარვეზების გამო შეჩერდა, მოგვიანებით კი ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო. 

კომენტარები