არასამთავრობო ორგანიზაციები

EMC და საია: სასამართლო სისტემის რეფორმის დამკვიდრებული ხედვა შესაცვლელია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა თავად ითხოვა პროექტის შეფასება, ის დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, საკანონმდებლო ორგანოს ეს ნაჩქარევი ნაბიჯი უარყოფითად შეაფასეს როგორც თავად ვენეციის კომისიამ, ასევე ევროკავშირმა და საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა". – წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციებისთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისია ფორსირებული პროცესის გარდა, კრიტიკული იყო ზოგადად ქართული სასამართლო სისტემის მიმართ. 

"კომისიამ ხაზი გაუსვა აქ არსებულ არაორდინარულ მდგომარეობას და პრობლემების სიმწვავეს. თქვა, რომ ქვეყნის სიტუაცია განსაკუთრებულია. დასკვნაში ასევე ღიად არის აღნიშნული, რომ წარსული კონტექსტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება". – წერენ ორგანიზაციები. 

EMC-ისა და საია-ს შეფასებით, მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ ასეთი მკვეთრი შეფასებები ქვეყნის შიგნით არსებულ კრიტიკას აძლიერებს მართლმსაჯულების რეფორმის არჩეული გზის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ აყენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. 

"სამწუხაროა, რომ ამგვარი სიტუაციის მიუხედავად, სასამართლოს რეფორმის მეინსტრიმული ხედვა კვლავ ერთეული საკანონმდებლო მოდიფიცირებებით ცდილობს შექმნას პროგრესის განცდა. პროცედურების (გადაწყვეტილების დასაბუთება, კენჭისყრის ფარულობა და ა.შ.) შეცვლით ვითარების გამოსწორების მცდელობებს მხოლოდ არსებული წესრიგისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის მინიჭების რესურსი თუ აქვს. ამ დროს კი, კლანური მმართველობის მარწუხებში მოქცეული ქართული მართლმსაჯულება მოქალაქეებს უარს ეუბნება უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების სათანადო უზრუნველყოფაზე. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები სიტუაციის გამოსასწორებლად მკაფიო არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, რაც ძალაუფლების განაწილების ახალ და სამართლიან ლოგიკას შექმნის. 

ჩვენთვის ცხადია, რომ უმრავლესობის პრინციპზე (მაჟორიტარიზმზე) დამყარებული მართვის სისტემის ეფექტიანობა მხოლოდ უსამართლობის გამრავლებას და არსებული ძალაუფლების ცენტრების გაძლიერებას ემსახურება. ამიტომ გამოსავალს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ, კონსენსუსზე ორიენტირებულ მექანიზმებზე გადაწყობაში ვხედავთ. მოცემულ ეტაპზე ეს არის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი, რომლის შესახებ მსჯელობაც შეიცავს იმგვარი გარდატეხის შანსს, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულებას არა კლანის, ან მმართველი პარტიის, არამედ საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ აამუშავებს". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები