დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: პოლიტიკური პიარისთვის სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიღეს მსხვერპლად

ტაბულა

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური პიარისთვის დააკავეს, რათა "გაეშავებინათ მეორე ძალა." 

"ეს არის დიდი უსამართლობა, არის ზევიდან მართული, ვიცით, რომ პოლიტიკურად მართულია. არის აგებული პოლიტიკური პიარისთვის, რომ ხმები მოეპოვებინათ, გაეშავებინათ მეორე ძალა და თვითონ აეღოთ მეტი ხმა. ამ დროს, სრულიად უდანაშაულო ხალხი მსხვერპლად გაიღეს ამისათვის.  

ეს საქართველოს სირცხვილია, როცა პატრიოტ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია და რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავდა, პატიოსნებითა და სიალალით გამორჩეულია, ციხეში სვამენ, რომ რამდენიმე ხმა მოიგონ აგორებული პიარის გამო." - ამბობს თამარ სულაძე. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები