აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დროებითია

Reuters

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დროებითია და მხოლოდ იმდენ ხანს გაგრძელდება, რა დროც წითელ ჯვარს გარდაცვლილების ცხედრების გაცვლისთვის დასჭირდება.

ბაქოში გამართულ ბრიფინგზე ბაირამოვმა თქვა, რომ არსებული სტატუს-კვო მთიან ყარაბაღში არ აკმაყოფილებს აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მოლაპარაკებები 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მხარეების შეთანხმდნენ:

  • გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შედის 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების გაცვლა, ასევე დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა წითელი ჯვრის შუამავლობით და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონკრეტულ პარამეტრები დამატებით შეთანხმდება;
  • აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკა ეუთოს მინსკის ჯგუფის სახელმწიფოთა შუამავლობით, დარეგულირების საბაზისო პრინციპებზე დაყრდნობით, შეუდგებიან არსებით მოლაპარაკებებს, კონფლიქტს უსწრაფესი და მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით;
  • სამმხრივი კონსულტაციების შედეგად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებათა ფორმატის უცვლელობას.

10 ოქტომბრის დღის განმავლობაში აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ერთმანეთს ბრალს სდებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

ჯერ კიდევ მოლაპარაკებათა მიმდინარეობის დროს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შეტევა განახორციელა არაღიარებული ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაქოში გაავრცელეს ინფორმაცია სომხეთის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შესახებ, რომელიც, მათი ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ ჩამოადგო.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა, ომი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტში მხარეებს შორის განსაკუთრებით ხშირად იყენებენ დრონებს და უპილოტო საფრენ აპარატებს.

ასევე, იყენებენ არტილერიას, მძიმე ჯავშანტექნიკას და სარაკეტო სისტემებს, დაღუპულია ათეულობით ადამიანი.

კომენტარები