დავითგარეჯის საქმე

პროკურორი: მელაშვილი და ილიჩოვა, შესაძლოა, სხვადასხვა დავალების შესაბამისად მოქმედებდნენ

იმედი/კადრი ვიდეოდან

პროკურორი ამირან გალუაშვილი ამბობს, რომ, შესაძლოა, დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა "მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალების შესაბამისად." 

"უშუალოდ მოტივთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებითი ხასიათის მინიშნებების გათვალისწინებით, საუბარია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები, შესაძლოა, მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალებების შესაბამისად და, შესაძლებელია, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ სხვა პირები. 

რაც შეეხება მეტ დეტალიზაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გამოძიება მალავს გარკვეულ ინფორმაციას საზოგადოებისგან. ჩვენ ცალსახად უნდა განვსაზღვროთ, რომ არსებობს გარკვეულ შემთხვევებში ინტერესი, მათ შორის, საქმის ფიგურანტი პირებისთვის არ გახდეს გარკვეული მონაცემები ცნობილი." - ამბობს ამირან გულუაშვილი იმედის ეთერში. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ის, რომ მელაშვილი და ოლიჩოვა სხვის დავალებებს ასრულებდნენ, ვარაუდია თუ ამის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებებია მოპოვებული, გულუაშვილი პასუხობს:

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ეს ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ნებისმიერი ვერსია, რომელიც არსებობს გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე გადავამოწმოთ ნებისმიერი სცენარი, რომლითაც შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო და არაერთხელ დავადასტურეთ, რომ ყველა სცენარი, რაზეც საჯაროდ მიმდინარეობს საუბარი, ჩვენ მიერ განხილულია და მიდის მუშაობა ამ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

მაშინ, როდესაც იარსებებს კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტი, მე ახლა ვსაუბრობ მინიშნებებზე, რომლებიც საქმეში არსებობს და რომლებსაც მტკიცებულებითი ხასიათი გარკვეულწილად გააჩნია, საჭიროა შემდგომი საგამოძიებო-საპროცესო საქმიანობის ჩატარება და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება."  

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

 

კომენტარები