ბელარუსი

ალექსანდრ ლუკაშენკო დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა

Пул Первого

10 ოქტომბერს ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა. Telegram-არხის Пул Первого-ს ინფორმაციით, შეხვედრა ოთხსაათ-ნახევარს გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვიქტორ ბაბარიკომ და მისმა შვილმა ედუარდ ბაბარიკომ. ვიქტორ ბაბარიკო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ის დააპატიმრეს და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. შეხვედრაზე ასევე იყო იურისტი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი ლილია ვლასოვა, ბიზნესმენი იური ვოსკრესენსკი და პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი. შეხვედრიდან გავრცელებული სურათების თანახმად, შეხვედრას არ ესწრებოდა მარია კოსლენიკოვა, რომელიც ასევე დაპატიმრებულია.

შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის. ბელარუსის სამთავრობო მედია Belta-მ შეხვედრიდან ლუკაშენკოს კომენტარი გამოაქვეყნა:

"მე, თქვენი მხარდამჭერების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დავფიქრდი, რა არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება ყველა საკითხში. არ არის საჭირო მხოლოდ კონსტიტუციაზე ჩაციკვლა. როგორც მესმის, ნახევარი აქ იურისტები ხართ, მშვენივრად გესმით, რომ კონსტიტუცია ქუჩაში არ დაიწერება. მე ამას ვუყურებ უფრო ფართოდ, ვცდილობ, დავარწმუნო არა მხოლოდ თქვენი მხარდამჭერები, არამედ მთლიანად საზოგადოებაც იმაში, რომ პრობლემას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ".

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა. საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ან დაპატიმრებულები არიან, ანდა ისინი იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში.

კომენტარები