დავითგარეჯის საქმე

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ვისგან და საიდან მოდის ეს ღალატი, ამ სახელებს გავიგებთ

"ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გავიგებთ". – ამბობს კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დავითგარეჯის საქმეზე. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ეს საქმე კონკრეტული პირების ღალატს კი არ ეხება, არამედ ესაა "ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი აგრესია".

"მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასეთ დეტალებში ჩაღრმავება, მე არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ არც საპატრიარქოს აქვს ასეთი ინფორმაცია [...] დავითგარეჯას ამბავი ახალი ამბავი არაა. დავითგარეჯა ეს არის საქართველო, ყოველთვის იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება, დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომbერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები