დავითგარეჯის საქმე

მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით მიეცემიან პასუხისგებას, გული დამწყდება

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი
ფოთისა და ხობის ეპარქია

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს. ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს". – ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დავითგარეჯის საქმეზე. მიტროპოლიტი გრიგოლის თქმით, ამ საკითხზე ეკლესიის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წმინდა სინოდი შეიკრიბება. მისივე თქმით, საქმის გარშემო ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისთვის გულდასაწყვეტია, თუ საქმეზე სხვა მტკიცებულებები არ არსებობს და დაკავებულ პირებს მხოლოდ ამ ბრალდებით მისცემენ პასუხისგებაში.

"მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ესაა უფრო ემოციური მხარე. თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება... ამდენი ხანი თუ ცნობილი იყო, დღეს უკვე კითხვებს აჩენს". – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები