დავითგარეჯის საქმე

კაპანაძე: ეს საქმე პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირებაა პატრიოტებთან

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქმე "სიბნელის", არაპროფესიონალიზმისა და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირებაა პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ხალხთან.

კაპანაძე წერს:

"საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ, ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ.

ამ ე.წ. ახალი 200.000-იანი რუკის გამოყენებით, თურმე უნდა მოგვერღვია 1938 წლის შეთანხმება, როგორც საზღვრის დადგენის საწყისი წერტილი, რაზეც 1996 წელს შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ჰო, მართლა, აზერბაიჯანსაც უნდა ამ საწყისი წერტილის მორღვევა. თუ რატომ, თავად მიხვდებით.

აზერბაიჯანთან იყო 1920 წლის, 1938 წლის, 1945 წლის (ნახევრად) და 1991 წლის (საკოლმეურნეო რუკები) შეთანხმებები.

1920 წლის - მისი გამოყენება შეუძლებელია ამხანაგი სტალინის დამსახურების გამო, რომელმაც 1922-ში საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები გადასცა აზერბაიჯანს. ისე კი გვაწყობს, მაგრამ არარეალისტურია. ამაზე ორივე ქვეყანა ვთანხმდებით და სადავო, სამწუხაროდ არაა. ვინც გაბრაზდებით - დიდი ქართველი ამხანაგი სტალინი გაიხსენეთ სხვადასხვა ბრუნვაში.

1927-29 წლებში არის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებიც ასევე არ გვაწყობს. ამის გამოყენებას ბაქო ცდილობდა და ჩვენები წარმატებით ბლოკავდნენ. თუ 1938 წელზე ძველი რუკების გამოყენებას დავიწყებთ, ესე იგი, ამ ოქმებს გავაცოცხლებთ.

1938 წლის შეთანხმება - საჩვენოდ კარგია, გარდა დავითგარეჯის მცირე მონაკვეთისა.

1945 წლის - საჩვენოდ ცუდია. ოღონდ ამ შეთანხმებაზე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი, ხოლო აზერბაიჯანისას - არა. ამიტომ, ამ შეთანხმებას არ ვიყენებთ. ბაქოს ამის გამოყენებაც ძალიან უნდა.

1991 - ასევე ცუდია ჩვენთვის. თან საკოლმეურნეო და ადმინისტრაციული რუკები საზღვრის დადგენისას არ გამოიყენება.

ამ ვითარებაში 1996 წელს კომისიის ოქმით შეთანხმდნენ, რომ 1938 წლის შეთანხმებას და რუკას გამოიყენებდნენ. შეთანხმდნენ ჩვენი კომისიის წევრების ბრძოლის და დამსახურების შედეგად.

ამ შეთანხმებას მიყვებოდა ივერიც და კომისიაც. ყველაფერი რაც ოქმებით შუალედურად შეთანხმებულია, ამ 1938 წლის რუკით გავლებულ საზღვარს მიყვება.

ანუ, თურმე ივერის და ნატალიას უნდა (ა) მოერღვიათ 1938-ის საწყისი წერტილი, (ბ) გამოეყენებინათ 1938-მდე გამოცემული რუკა და გაეხსნათ პანდორას ყუთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და (გ) ეჭვქვეშ დაეყენებინათ აქამდე შუალედურად შეთანხმებული მონაკვეთები.

და ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ ასე ფიქრობს ტლუ ღარიბაშვილი და მასზე კიდევ უფრო ტლუ რამდენიმე ვაი-პატრიოტი, რომელიც ამ დეტალებში ვერ ერკვევა და ასჯერაც რომ მოუყვე, ან წაიკითხოს, რაც მე ახლა დავწერე, მაინც ვერ გაიგებს.

რასაც ახლა ედავება პროკურატურა არის ენით აღუწერელი აბსურდი. ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება, თქვე ტლუებო! ჯერ საწყის ათვლის წერტილ შეთანხმებას იღებ და იმით ადგენ ჩარჩოს და მერე იყენებ სხვა მასალებს! ესენი ამბობენ, უბრალოდ რუკა აგეღოთო". – წერს კაპანაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები