ბელარუსი

ტიხანოვსკაია: ნამდვილი მოლაპარაკებებისთვის რეჟიმმა ბელარუსების მოთხოვნები უნდა შეასრულოს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
martinsvillebulletin

ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსნდრ ლუკაშენკოს დაკავებულ ოპოზიციონერებთან შეხვედრას გამოეხმაურა. ტიხანოვსკაიას განცხადება პოლიტიკოსის Telegram-არხზე გავრცელდა.

ტიხანოვსკაიას თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს მოლაპარაკებების იმიტირებით პროტესტის ჩახშობას. ტიხანოვსკაია აღნიშნავს, რომ, თუ მოთხოვნებ, რომლებსაც ოპოზიცია და ხალხი აყენებს არ შესრულდება, ეს ხალხის მოტყუება იქნება.

ალექსანდრ ლუკაშენკო დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს გუშინ, 10 ოქტომბერს, შეხვდა. შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.

"დღეს "სიამაყის მარშის" დღეა - ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის და ყველა ბელარუსითვის, რომლებიც ბრძოლას აგრძელებენ. მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი შედეგი აჩვენა.

რეჟიმი მიხვდა, რომ ბელარუსებთან უნდა ილაპარაკოს, ამიტომ ლუკაშენკო გუშინ წავიდა КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში. ის თვლის, რომ ასე შეიძლება მოლაპარაკებების ჩატარება. ის დარწმუნებულია, რომ დიალოგის იმიტირებით შეიძლება პროტესტის ჩახშობა. მაგრამ ბელარუსებით არ შეიძლება მანიპულირება, ბელარუსებთან არ შეიძლება ვაჭრობა, ბელარუსების გახლეჩა შეუძლებელია.

ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რომ შევაჩეროთ ძალადობრივი დაკავებები, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავნიშნოთ მოლაპარაკებების დრო და ადგილი. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენს მოტყუებას ცდილობენ. ჩვენ კი არ წამოვეგებით პროვოკაციებზე, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიანად და დაჟინებით მარშებზე გამოსვლას და კუთვნილის, ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების მოთხოვნას". - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია განცხადებაში.

ამავე დროს, დღეს, 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ბელარუსის ქალაქებში მასშტაბური აქციები "სიამაყის მარში" დაიწყო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები