დავითაგრეჯის საქმე

ნაცვლიშვილი: ოცნება დავითგარეჯის თემით მანიპულირებს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

ანა ნაცვლიშვილი
ლელო

ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქართული ოცნება დავითგარეჯის თემით წინასაარჩევნოდ მანიპულირებს და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ამ საკითხს მმართველი გუნდი "საქართველოს ოკუპანტის ინტერესებისთვის" იყენებს. 

"როდესაც ბოლო პერიოდში რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ამ თემაზე ასეთი სახით ხდება პედალირება, ეს აჩვენებს, რომ ამ „რუსული ოცნების“ მიზანია, მოემსახუროს არა საქართველოს ინტერესებს, არამედ რუსეთს. დავითგარეჯა საქართველოა – ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ფაქიზი თემაა, მაგრამ ისე, როგორც ამ საკითხს უდგება ქართული ოცნება, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესს წინ კი არ წასწევს, არამედ მხოლოდ რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს. ბოლო მოვლენები, როდესაც აშკარად გამოიკვეთა კონკრეტული ინდივიდების რუსეთთან კავშირი, ამის ნათელი დადასტურებაა". – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქმეზე დაკავებულ კომისიის წევრებს უკანონო პატიმრებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშებს ეწირებიან. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

კომენტარები