დავითგარეჯის საქმე

ბოლშევიზმი კვლავ აქ არის

წვრილი მასშტაბით თუ მსხვილი მასშტაბით, ამ შეთანხმებით თუ იმ შეთანხმებით, იურიდიულად, პოლიტიკურად, დიპლომატიურად, კარტოგრაფიულად თუ მიწათმოწყობითად ყველამ ყველაფერი გავიგეთ, ვისაც არ დაგვეზარა და ვიცით, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტპატიმრები არიან, ხელისუფლება კი ცეცხლს ეთამაშება.

მთავრობას იმედი აქვს, რომ ჩვენი ისედაც სასრული ყურადღება, მის მიერვე შექმნილი კრიზისის მიზეზით, კიდევ უფრო ლიმიტირებული აღმოჩნდება და შერჩებათ. 

იცის ისიც, რომ სისუსტე გვაქვს - ისეთები მოგვწონს და ვენდობით, რომელთაც ჩვენზე მეტად ხელისუფლება მოსწონთ. 

მაგალითად, ესენი:

ეპისკოპოსები პარტიულ ღონისძიებებზე

და, ესენი:

ეპიდემიოლოგები ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე
ფოტო: on.ge

ეს კი ცალკე გამოყოფას იმსახურებს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აქ და ასე ზის, როცა ბაგრატის მაღალდასაჯდომლიდან ღარიბ იმერლებს მწყემსავს:


მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

ბუზს ვინ აუფრენსო, იფიქრებთ, მაგრამ თუ პატარასთან დიდია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, დიდკაცების დაძახილზე არ ითაკილებს და ბაგრატის კათედრიდან ქართული ოცნების ლურჯ კუბიკზე ისე გარდამოხდება, ბრილიანტის ჯვრით კუნკულ-ბარტყულზე და აარონის კვერთხით მარცხენა მხარზე - წარბსაც არ შეიხრის, თითქოს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გროტესკულ სცენას არ ქმნიდეს:


მიტროპოლიტი იოანე

როცა სულთა და ხორცთა მკურნალნი გვერდით ამოიყენე,

პარტიულ ღონისძიებებზე შავი კაბები და თეთრი ხალათები ააფრიალე,

ალბათ, რა საცოდაობად გეჩვენება ეს:

და, ეს:

ესეც:


ფოტო: facebook.com/mamukakhazaradzeofficial/

სხვებიც.

ზეგარუჯული პიარტექნოლოგების ენაზე რომ ვთქვათ - "კარწინკა" ხომ მაინც შენია? - შენია.

და, რა გვჭირდება კიდევ? რაღაც აკლიათ თეთრებს და შავებს, კიდევ ვის აქვს რეიტინგი, რას ამბობს, მაგალითად, ბოლო კვლევა?

Edison Research
ფოტო: ფორმულა

არმია? 


ხომ არ გვეცადა, მაგალითად, ერთი, ლამაზი, მწვანე, სამხედრო მუნდირიც?!

არქიმანდრიტი კირიონი და ნოდარ ხორბალაძე
ფოტო: ტელეკომპანია იმედი

ასეთიც იყოს!

ტელეკომპანია იმედი

არაფერი უხდება ეროვნულობას ისე, როგორც სამონაზვნო ანაფორა და სამხედრო მუნდირი!

პირდაპირ სინთეზირებაც შეიძლებოდა:


სამხედრო-სამღვდელო კაბა

მაგრამ ამდენი რუსული იმპორტიც რა საჭიროა - რუკა ხომ მოგვცეს? მოგვცეს.

საარჩევნო "კარწინკაც" ხომ მოგვცეს? მოგვცეს.

ხოდა, გამარჯვების ამ სიმულაციაში, იტიროს იმ ივერიმ გალიაში, ვის სჭირდება მოღალატის ცრემლები?

პირველი კი არ იქნება, ვისაც საერო თუ სასულიერო ბოლშევიკები არაადამიანურად გაასამართლებენ და შერჩებათ.

გახსოვთ, ეს?

მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი

ან, ეს?

მამა თეიმურაზ ჩიხლაძე

ეს ხომ მაინც გახსოვთ?

დეკანოზი გიორგი მამალაძე
ფოტო: Facebook/ Ana Akhaladze

ბოლშევიზმი კვლავ აქ არის, დანაშაული კი კვლავ არ ჩადენილა.

მეტიც, ამ საქმეში მისხალითაც არ ჩადენილა.

ეს არის საქმის სირთულეც - მისი სრული სიმარტივე.

ზედაპირზე დევს, რომ სიმულიანტ ბოლშევიკებს განზრახვა აქვთ - დავსხდეთ ქართველები და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ვიკითხოთ შვიდტომეულები "დავითგარეჯის საქმეზე" - რომელიც დავითგარეჯზე არ არის, შეთანხმებაზე რომელიც არ დადებულა, "რუკის დედანზე", რომელიც იქ არ უპოვიათ სადაც ამბობენ და "გამარჯვებაზე", რომელიც დიდ მარცხად შემობრუნდება, რადგან თუ მონასტრის იმ 2%-ს აზერბაიჯანი საერთოდ დათმობს, ეს დაგეშილი პუტინისტების პროვოკაციული ულტიმატუმებითა და ოცნების კოორდინატორად ქცეული დილეტანტი არქიმანდრიტის ვერდამალული ბოღმით არ მოხდება, ვერც საპატრიარქოს ოფიციოზის ბრუტალური უვიცობითა და ცილისმწამებლობით.

ამით დაისაქმეთ თავი გაღარიბებულმა და უსამსახუროდ დარჩენილმა ქართველებმაო, გვთავაზობენ, როცა გვესმის, რომ დავითგარეჯის საკითხი არ არის კარტოგრაფიის საკითხი - დიპლომატიისა და პოლიტიკის საკითხია.

რუკების ფასი კი ამ მოლაპარაკებებში იმდენიც არ ღირს, რაც ქაღალდი, რომელზეც ეს რუკები დაიბეჭდა - ყველაფერს პოლიტიკა და დიპლომატია წყვეტდა და გადაწყვეტს, სადაც ასე ამღვრიეს წყალი ნეობოლშევიკებმა. 

არავინ დავობს, რომ ყველაფერი უნდა ითქვას და დაიწეროს, ვილაპარაკოთ რუკებზეც, მასშტაბებზეც, შეთანხმებებზეც, მაგრამ არჩევნებამდე ცოტა დროა, ასაკოვანი მეცნიერები კი ციხეში სხედან. 

აღვირახსნილი გამყიდველობის, რეგიონულ მშვიდობასთან თამაშისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების მსახურების ამ პრეცედენტის დაშვება არ შეიძლება.

ნაციონალური ამოცანაა ამ საქმით ვერც ხელისუფლებამ იხეიროს და ვერც ეკლესიამ.

ეს სახიფათო სიგნალს გაგზავნის მომავალ ხელისუფლებებთანაც. 

სიგნალს, რომ შეგიძლია ქართველებს ამდენი გაუბედო.

ხელისუფლებისთვის პასუხის გასაცემად არჩევნებზე მისვლაა საჭირო.

საქართველოს ეკლესიამ კი უნდა გაიგოს, რომ ჩვენ დავინახეთ:

დავინახეთ, რომ წლების ნაკერი საქმე სააშკარავოზე ზედ არჩევნებზე ამოიტანეთ.

დავინახეთ, რომ სასულიერი ხარისხის ღირსება და პატივიც კი ხელყავით, იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეხეირა.

დავინახეთ, რომ შეგეძლოთ, "გამარჯვება" არჩევნების შემდეგ გეზეიმათ, მაგრამ არ ქენით, თავი დაიმცირეთ, რომ უმდიდრეს კაცს, თქვენი უღარიბესი მრევლი ეყიდა.  

დავინახეთ, რომ კვლავ შეგიძლიათ ადამიანთა გაწირვა.

და დავინახეთ ისიც, რაც ზედაპირზე დევს - თქვენ იმათი ეგზარქატი ხართ.

რაღაც შეცვალა კეთილსინდისიერ მოქალაქეებში ამ საქმემ - მათ შიში იგრძნეს, შიში, რომელიც მხოლოდ ველური აბსურდულობის წინაშე გვეუფლება და განიარაღებულს გვტოვებს.

მაგრამ ახლა შიშის დრო არ არის, რისხვის დროა.

დავითგარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო. 

ბოლშევიკები ხართ.

კომენტარები