დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: გიგი გიგიაძე პატიოსანი, კარგი და გაბედული ადამიანი ყოფილა

ტაბულა

"ნამდვილად პატიოსანი, კარგი და გაბედული ადამიანი ყოფილა". – ასე აფასებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ცოლი დანიაში საქართველოს ელჩის განცხადებას. 

გიგი გიგიაძემ დაპატიმრებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა პირველივე დღესვე გამოუცხადა, რის გამოც მან მმართველი გუნდისგან კრიტიკა დაიმსახურა. 

ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ამბობს, რომ ის სხვა ბევრი ადამიანისგანაც ელოდა მხარდაჭერას და უკვირს მისი ქმრის კოლეგებისა, თუ თანამშრომლების დუმილი. ამის შესახებ თამარ სულაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. 

"კი, მთლად ასე თუ არა [როგორც ელჩმა], რაღაც მაინც უნდა ეთქვათ. ჩემი მეუღლე, მაგალითად, ასეთ დროს აუცილებლად იტყოდა, იტყოდა და დაუჭერდა მხარს". – თქვა თამარ სულაძემ. 

გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა. ქართული ოცნების სპიკერმა, გია აბაშიძემ კი დაწერა, რომ ელჩი თანამდებობას უნდა დაემშვიდობოს. 

გიგი გიგიაძისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არცერთ მოქმედ ქართველ ელჩს არ გამოუცხადებია. ტაბულა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩებს დაუკავშირდა კითხვით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება გიგი გიგიაძის გამოწვევას გადაწყვეტს, დაუჭერენ თუ არა მხარს, თუმცა, არც სოფიო ქაცარავამ და არც ნატა საბანაძემ ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხა. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

კომენტარები