დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: კარტოგრაფებს ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებში

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მშვენიერაძის თქმით, დავითგარეჯას მონაკვეთი არც ექსპერტთა ჯგუფის და არც სახელმწიფო კომისიის მიერ არ არის შეთანხმებული და შესაბამისად, ბრალდებაში დავითგარეჯა ნახსენები არ არის. 

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ბატონ ივერის და ქალბატონ ნატალიას ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ დავითგარეჯასთან დაკავშირებული მონაკვეთი არ არის შეთანხმებული არც ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ, არც სახელმწიფო კომისიის მიერ, აქედან გამომდინარე, მათ ბრალდებაში არსად არ არის საუბარი, რომ ეს ეხება დავითგარეჯას. 

ეს თემა მიაწებეს იმიტომ, რომ უფრო პოლიტიკურად სენსიტიური გაეხადათ და ყოფილიყო ამ თამაშის ნაწილი". – თქვა გიორგი მშვენიერაძემ მთავარი არხის ეთერში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები