კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დამტკიცების შემდეგ საქართველო Covid-19-ის ვაქცინის 600-700 ათას დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ახალი კორონავირუსის ვაქცინის პლატფორმა Covax-თან. 

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს ვაქცინაზე ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული და როგორც კი რომელიმე ვაქცინა დაწინაურდება და დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ, საქართველო ეტაპობრივად მიიღებს 600 000-დან 700 000-მდე დოზას. 

"როდესაც მესამე ფაზის კვლევაზე მყოფი იმ 4-5 ვაქცინიდან რომელიმე დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს, მათ შორის, ევროპის წამლის სააგენტოს, ამერიკის წამლის სააგენტოს და ა.შ. მიერ, საქართველო მიიღებს, დაახლოებით, 600-700 ათას დოზას. რა თქმა უნდა, თანდათანობით". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის მხრივ, აქაც, ისევე, როგორც გრიპის ვაქცინაზე, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზეც, უპირველეს ყოვლისა, რისკჯგუფებში მყოფი ადამიანები აიცრებიან. 

"ეს, დიდი ალბათობით, იქნება წლის ბოლოს ან მომავალ წელს, როდესაც კოვიდზე ვაქცინაცია დაიწყება მსოფლიოში". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 43 ვაქცინის კლინიკურ ცდას ატარებენ ადამიანებზე. სულ მცირე, 91 ვაქცინა პრეკლინიკურ ფაზაშია და მათ ცხოველებზე ცდიან.

ჩვეულებრივ, კლინიკური კვლევების დაწყებამდე, ვაქცინების კვლევასა და ცდებს წლები სჭირდება, თუმცა ახალი კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის დროს მეცნიერები უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნას რაც შეიძლება მალე, 2021 წლამდე ცდილობენ.

რა ეტაპზეა ახალი კორონავირუსის ვაქცინები, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები