NBA

ლოს-ანჯელეს ლეიკერსი NBA-ის ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა

Kim Klement

ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონია. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლეიკერსმა მაიამი ჰიტი 106:93 დაამარცხა, სერია 4:2 მოიგო და ისტორიაში NBA-ის მეჩვიდმეტე ტიტული მოიპოვა.

სუპერფინალების ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) კარიერაში მეოთხედ გახდა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც პლეი ოფის 260-ე მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და კარიერაში მეოთხე საჩემპიონო ბეჭდის აღება მოახერხა. ის ერთადერთი მოთამაშეა, მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც ოთხჯერ გახდა ფინალების MVP, მან ეს სამ სხვადასხვა გუნდში მოახერხა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენტონი დევისმაც, რომელმაც 19 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მაიამი ჰიტიდან ყველაზე შედეგიანი კი ბემ ადებაიო იყო, რომელსაც 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ჯიმი ბატლერმა კი 12 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

მე-17 ტიტულით ლეიკერსი ბოსტონს გაუთანაბრდა, 2010 წლის შემდეგ ლეიკერსი პირველად გახდა NBA-ის ჩემპიონი. გუნდმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა.

კომენტარები