ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმზე მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და ცრემლები შეიმშრალა [Video]

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მმართველი პარტიის დაარსებიდან 75-ე წლისთავზე გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.

"ჩვენმა ხალხმა ცაზე მაღალი, ზღვაზე ღრმა ნდობა გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მაგრამ მე ყოველთვის ვერ ვახერხებდი დამაკმაყოფილებლად მის გამართლებას. ამისათვის ბოდიშს გიხდით". – თქვა მან და ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

კიმ ჩენ ინის თქმით, მისი გულწრფელი მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა, მოსახლეობისთვის ცხოვრების სიმძიმეები გაექრო. კიმ ჩენ ინმა გამოსვლის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კორეელი ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას დაუთმო, რაც მისი გამოსვლებისთვის იშვიათია.

ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე გაზრდილი ზეწოლაა, რაც სანქციებთან ერთად კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, საზღვრების ჩაკეტვასა და მთავარ პარტნიორთან, ჩინეთთან ვაჭრობის შემცირებას მოჰყვა.

კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული. აღლუმზე მან მოქალაქეებს მადლობაც გადაუხადა იმის გამო, რომ ჯანმრთელები იყვნენ.

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეას ახალი კორონავირუსის ეპიდემიისგან მალე ძალების აღდგენა უსურვა. ის იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა მალე კიდევ ერთხელ შეძლებს, რომ ერთმანეთს "ხელები ჩაჰკიდონ".

გასულ თვეს, ჩრდილოეთ კორეის მხარემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამხრეთ კორეის ოფიციალური პირი ზღვაში მოკლა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი-ინის თქმით, მომხდარი შოკისმომგვრელი და მიუტევებელია. სამხრეთ კორეამ მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. მომხდარზე კიმ ჩენ ინმა ბოდიში მოიხადა.

კომენტარები